07 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
ტერაქტი სტამბოლში ახალი წლის ღამეს - პოლიცია ძებნილის ფოტოს ავრცელებს

თურქეთის პოლიცია ამ დრომდე ეძებს ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც სტამბოლის ღამის კლუბში ახალი წლის ღამეს 39 ადამიანი მოკლა. თავდამსხმელის ვინაობა არ სახელდება. თუმცა, სამართალდამცველებმა მისი ფოტო გაავრცელეს.

მომხდარზე პასუხისმგელობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, რომელმაც თავდამსხმელს გმირი ჯარისკაცი უწოდა. დაჯგუფებამ მოტივიც დაასახელა - ესაა შურისძიება თურქეთზე, სირიაში სამხედრო ოპერაციის წარმოებისთვის.

ღამის კლუბ რეინასთან გაძლიერებულია დაცვა. თუმცა, კლუბთან დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ხალხი მეორე დღეა იკრიბება.

თავდასხმა სტამბოლის ევროპულ ნაწილში, ბოსფორის სრუტის სანაპიროზე მდებარე ცნობილ ღამის კლუბში, ახალი წლის დადგომიდან ერთი საათში მოხდა. კლუბში, სადაც 700-მდე ადამიანი იმყოფებოდა, შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, მოზეიმეებს ცეცხლი გაუხსნა და ხელყუმბარებიც ისროლა. თავდასხმის შემდეგ კი გაქცევა მოახერხა. დაიღუპა 39 ადამიანი, 27 უცხოელი იყო.

საერთაშორისო გაერთიანებამ მომხდარი დაგმო და თურქეთს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერას დაპირდა. ნატოს შტაბ ბინაზე გლოვის ნიშნად თურქეთის დროშა დაუშვეს. ქვეყნის პრეზიდენტს მსოფლიო ლიდერები პირადად უსამძიმრებენ.

თავდამსხმელი სავარაუდოდ უზბეკეთიდან ან ყირგიზეთიდანაა. ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა და პირობა დადო, რომ ყველა ცნობას გადაამოწმებს.

ტერაქტთან დაკავშირებით თურქეთში უკვე 8 ეჭვმიტანილია დაპატიმრებული. თუმცა, დაკავებები თავდასხმამდეც მიმდინარეობდა. მარტო გასულ კვირას დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წევრობისთვის 140 ადამიანი აიყვანეს.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე

დღის ამბები