07 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
მასშტაბური მსვლელობა და მწვავე გამოსვლები ტრამპის წინააღმდეგ ცნობილი სახეების მონაწილეობით

დონალდ ტრამპის წინაამდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა. აშშ-ის დედაქალაქში დემონსტრაციაზე დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი იყო გამოსული.

ხალხის შეკრება კაპიტოლიუმთან დილის 10:00 საათიდან დაიწყო. უკვე დილის 08:00 საათზე მეტროს სადგურებთან დიდი რიგები დადგა. ხალხს სადგურებში ნაწილ-ნაწილ უშვებდნენ. მატარებლები განრიგს ვეღარ იცავდნენ.

ვაშინგტონის ქალთა საპროტესტო აქციაზე სიტყვით არაერთი ცნობილი მსახიობი, მომღერალი და აქტივისტი გამოვიდა და დონალდ ტრამპი მწვავედ გააკრიტიკა. მომღერალმა მადონამ გამოსვლის დროს უცენზურო სიტყვა არაერთხელ გამოიყენა. ემოციური გამოსვლა ჰქონდა მსახიობ ეშლი ჯადსაც.

აქციის მონაწილეები მარშზე ვარდისფერი ქუდებით და მრავალფეროვანი პოსტერებით მივიდნენ. დემონსტრანტები ყველაზე მწვავედ ქალების მისამართით დონალდ ტრამპის გამონათქვამებს აპროტესტებდნენ, თუმცა უყურადღებოდ არც ტრამპის პოზიცია დაუტოვებიათ საიმიგრაციო საკითხებზე.

აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ მათი ხმა ბევრ რამეს შეცვლის და ვაშინგტონის ახალ ადმინისტრაციას ხალხის, როგორც ძლიერი ოპოზიციის აზრის გათვალისწინება აუცილებლად მოუწევს.

საპროტესტო მარში ვაშინგტონის გარდა ამერიკის ყველა დიდ ქალაქში გაიმართა. დემონსტრაციები იყო ჩიკაგოში, ლოს-ანჯელესში, ბოსტონში, ნიუ-იორკში, ტოკიოში, სიდნეიში, პარიზში, ბერლინში, ლონდონსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში.

ავტორი: დავით ნიკურაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები