07 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
ამერიკელი სენატორები რუსეთის კიბერთავდასხმის გამოსაძიებლად ორპარტიული კომისიის შექმნას მოითხოვენ

ამერიკელი სენატორები რუსეთის კიბერთავდასხმის გამოსაძიებლად ორპარტიული კომისიის შექმნას მოითხოვენ. ინიციატივის ავტორი დემოკრატი სენატორი რიჩარდ დურბინია, რომელიც აცხადებს, რომ აუცილებელია ორპარტიული კომისიის შექმნა, რომელიც გამოიძიებს შეუწყო თუ არა რუსეთმა ხელი დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებას. სენატორი ასევე შეეხო რუსეთის აგრესიას საქართველოსა და სხვა ქვეყნების მიმართ.

„ჩვენ გვჭირდება ორპარტიული დამოუკიდებელი ორგანო, რომ გამოიძიოს რუსული კიბერთავდასხმა. მე მოვითხოვ ორპარტიული დამოუკიდებელი კომისიის შექმნას, რომელიც ამ თავდასხმას გამოარკვევს იმ მიზნით, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი თავდასხმა ჩვენი არჩევნების და დემოკრატიის წინააღმდეგ. მათთვის, ვინც პუტინს წლების განმავლობაში ადევნებს თვალს, ეს თავდასხმა მოულოდნელი არ იქნებოდა. რუსეთმა განახორციელა კიბერთავდასხმა უკრაინის, ჰოლანდიის, საქართველოს, ლიტვის, ესტონეთის და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. რუსეთი ახლა ზიანის მიყენებას აპირებს გერმანიის მომავალ არჩევნებზე, რადგან პუტინს კანცლერი მერკელი არ მოსწონს. რუსეთმა 2008 წელს სამხედრო ძალით დაიპყრო საქართველოს სუვერენული ტერიტორია, 2014 წელს კი უკრაინის და აგრძელებს მათ უკანონო ოკუპაციას,“- განაცხადა რიჩარდ დურბინმა.

ამერიკის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დასკვნაში, რომელიც 6 იანვარს გამოქვეყნდა, პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დავალება გასცა, მოეხდინათ გავლენა ამერიკის არჩევნებზე. მოსკოვის მიზანი კი ჰილარი კლინტონის გაპრეზიდენტებისთვის ხელის შეშლა იყო.

რიჩარდ დურბინის გარდა რუსეთის კიბერთავდასხმების მიმართ ძალიან მწვავე მიდგომა აქვთ სხვა სენატორებსაც. ბენ კარდინი უკვე დიდი ხანია მუშაობს ორპარტიული კანონპროექტზე და ცდილობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას. დღევანდელი გამოსვლის დროს სენატორმა დურბინმა განაცხადა, რომ რუსეთის კიბერშეტევა უფრო მეტად სერიოზული საკითხია, ვიდრე ერთი არჩევნები ან ერთი პიროვნება, რადგან ის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება და მას ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგნენ.

ავტორი:დავით ნიკურაძე.

დღის ამბები