07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება - აშშ-ის სენატში ახალ კანონპროექტზე მუშაობენ

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით აშშ-ის სენატში ახალ კანონპროექტზე მუშაობენ. სენატორები ასევე ორპარტიული კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომელმაც მოსკოვის მხრიდან კიბერთავდასხმა უნდა გამოიძიოს.

ინიციატივის ავტორი დემოკრატი სენატორი რიჩარდ დურბინია, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს შეერთებული შტატების პრეზიდენტს და აცხადებს, რომ ტრამპის პოლიტიკა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკის როლს ნატოში და აზიანებს ევროკავშირს.

ორპარტიულმა კომისიამ რუსეთის კიბერთავდასხმის გარდა უნდა შეისწავლოს, ნამდვილად ფლობს თუ არა რუსეთი კომპრომატებს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ და არის თუ არა საფრთხის შემცველი პრეზიდენტის გარემოცვის კონტაქტები რუსეთის ხელისუფლებასთან. სენატორ დურბინს საეჭვოდ მიაჩნია პრეზიდენტის მიერ კამპანიის დროს და მის შემდგომ რუსეთზე გაკეთებული განცხადებები

„პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც ყველას, ვინც მას აკრიტიკებს, იმპულსურად ესხმის თავს, არ აკრიტიკებს ერთ პიროვნებას, რომელიც დამნაშავეა ამ კიბერთავდასხმების სპონსორობაში. პრეზიდენტი Twitter-ში წერს ყველაფერზე - კონგრესმენ ჯონ ლუისზე, მერილ სტრიპზე, ალეკ ბოლდუინზე, ამერიკის პრესაზე, ამერიკის დაზვერვის საზოგადოებაზე, ჰამილტონის მსახიობებზე, ნატოზე, ვლადიმერ პუტინს კი ინდობს,“ - აცხადებს რიჩარდ დურბინი.

აშშ-ის დაზვერვის სამსახურების მიერ მომზადებულ დასკვნაში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მისცა შესაბამის სამსახურებს დავალება, გავლენა მოეხდინათ ამერიკის საარჩევნო კამპანიაზე და მიზანი შეერთებული შტატების დემოკრატიული პროცესის მიმართ ზიანის მიყენება იყო.

თავად ტრამპმა სპეცსამსახურების ეს დასკვნა არ გაიზიარა, რის გამოც კონგრესმენების კრიტიკა დაიმსახურა. კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თანათავმჯდომარე აცხადებს, რომ საკუთარი სპეცსამსახურის მიმართ უნდობლობის გამოცხადებით ტრამპი ზიანს მხოლოდ საკუთარ თავს აყენებს.

საარჩევნო პროცესში ჩარევისთვის შეერთებული შტატებიდან რუსი დიპლომატები გააძევეს. სენატორებმა კი ახალ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყეს, რომელიც მოსკოვის მიმართ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

 

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე, დავით ნიკურაძე

დღის ამბები