03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
"საყდრისით ივანიშვილია დაინტერესებული," - გივი თარგამაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საყდრისი-გაჩიანის მაღაროსთან დაკავშირებით კორუფციული სქემის არსებობაზე მიუთითებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაუქმდა.

მისივე თქმით, კომისიის წევრებმა, რომლებმც სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს, RMG-GOLD-ისგან თანხა აიღეს. თარგამაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე კონკრეტული გვარებიც დაასახელა და განაცხადა, რომ დარღვევებით მოხდა არა მხოლოდ სტატუსის გაუქმება, არამედ კომპანია RMG-GOLD-ისთვის ლიცენზიის მინიჭებაც.

„ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, მისი დავალებით შეიქმნა კომისია პირდაპირი მისიით, რომ მოეგროვებინა არგუმენტაცია იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ძეგლის სტატუსი ყოფილიყო ჩამორთმეული. როგორც ჩანს, იმ მიზნით, რომ არ ჰქონოდათ კომისიის წევრებს ეჭვები მათი მოქმედების სისწორეში, მოხდა მათი ფინანსური ანაზღაურება. სწორედ მათი დასკვნის საფუძველზე იქნა ჩამორთმეული ძეგლის სტატუსი“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.

"ნაციონალური მოძრაობას" უმრავლესობის წევრებმა უპასუხეს და ბრალდებებს აბსურდული უწოდეს. ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, საკითხი საერთაშორისო დონეზე იყო შესწავლილი და დღეს ბევრი ექსპერტი და არასამთავრობო ორგანიზაცია აღიარებს, რომ ისინი შეცდომაში იყვნენ შეყვანილი.

„დღეს ისინი ამას აღიარებენ. კანონის დაცვით მოხდება ყველაფერი. ბატონი ბიძინა არ შესულა იქ და არც აინტერესებს იქ შესვლა“, - განაცხადა ტყემალაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს არ იღებს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მისი თქმით, სამინისტრომ სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ იმ მიზნით გაასაჩივრა, რომ პროცედურები საყდრისთან დაკავშირებით სამართლებრივ ჩარჩოებს არ გასცდენია.

"ჩემი მინისტრობის დროს გავასაჩივრეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან წმინდა სამართლებრივად პროცედურა სწორად იყო წარმართული. დამატებითი კვლევა მიმდინარეობს და დასრულებისა და დასკვნის საფუძველზე კულტურის სამინისტრო და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო საბოლოოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას", - აცხადებს მინისტრი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი კულტურის სამინისტროს სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც, საყდრისის საბადოს ისტორიული ძეგლის სტატუსი შეუჩერდა. 

დღის ამბები