03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
საქართველოს სამ რაიონში დათვის მოკვლა პრემიერის ბრძანებით დაშვებულია

საქართველოს სამ რაიონში - ხელვაჩაურის, ქედასა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში დათვის მოკვლის ნებართვა პრემიერის ბრძანებით დაშვებულია. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მოსახლეობამ დათვების გახშირებული თავდასხმის გამო მიმართა. თუმცა ნუსხაში იშვიათი სახეობის ის მურა დათვიც მოხვდა, რომელიც უკვე 10 წელია წითელ წიგნშია შეტანილი და მის მოკვლას კანონი კრძალავს.

პრემიერის ბრძანებას ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები აპროტესტებენ. მათი განმარტებით, მთავრობა და გარემოს დაცვა ამ ბრძანებულებით, წითელ ნუსხაში შეტანილ მურა დათვზე ნადირობას წაახალისებს, რამაც შესაძლოა მათი გადაშენების საფრთხე შექმნას. გარემოს დამცველები დადგენილების სრულად გამოქვეყნებას ითხოვენ.

გარემოს დაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ დათვების ლიკვიდაცია მასობრივ ხასიათს არ მიიღებს. უწყება პირობას დებს, რომ წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველების ლიკვიდაციის ბრძანების დეტალებს უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.

ამ დროისათვის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში 450-მდე მურა დათვია, ეს ცხოველი უკვე 10 წელზე მეტია წითელ ნუსხაშია შესული და მისი მოკვლა მკაცრად ისჯება.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 1 ოქტომბერს გამოქვეყნდა.  

დღის ამბები