19 მაისი 2024,   21:08
ვრცლად
„ქიბარ ხალვაში დაიცავს, როგორც დაინტერესებული მხარე ამ დავაში თავის პოზიციას," - თამარ ჩუგოშვილი ხალვაშის სტრასბურგში ჩასვლას აფასებს

ფრაქცია ქართული ოცნების წევრი თამარ ჩუგოშვილი ქიბარ ხალვაშის სტრასბურგში მისვლას კურიერის პირდაპირ ეთერში აფასებს და აცხადებს, რომ დაინტერესებული პირის დავაში მესამე მხარედ ჩართვის პრაქტიკა არსებობს. თუმცა ჩუგოშვილი აქვე განმარტავს, რომ ეს სასამართლოს გადასაწყვეტია, მიიჩნევს თუ არა საჭიროდ მესამე მხარის ჩართვას. 

„აქვს მესამე პირს, დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა, ეს პროცედურით არის გათვალისწინებული ზოგადად სხვადასხვა დავებში, რომელსაც იხილავს ევროპული სასამართლო, არსებობს ესეთი პრაქტიკა, შესაძლებელია, რომ პირს, რომელსაც აქვს დაინტერესება ამა თუ იმ დავაში, იყოს გათვალისწინებული ან ჩართული მესამე მხარედ. ეს შესაძლებელია, პროცედურა ამას ითვალისწინებს, თუმცა არის გადასაწყვეტი თავად სასამართლოსი, მიიჩნევს თუ არა ამას საჭიროდ,“-აცხადებს ჩუგოშვილი.

კურიერის წამყვანის შეკითხვაზე, "საქმეში ქიბარ ხალვაშის მესამე მხარის ჩართვის შემთხვევაში, აღმოჩნდებიან თუ არა სახელმწიფო და ხალვაში სტრასბურგში განხილვის დროს ერთ პოზიციაზე," ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ეს ასე არ იქნება.

„ქიბარ ხალვაში დაიცავს, როგორც დაინტერესებული მხარე ამ დავაში თავის პოზიციას, სახელმწიფოს რაც შეეხება, სახელმწიფოს ძალიან გამოკვეთილი პოზიცია აქვს და ექნება და არის პროცედურებით გათვალისწინებული ნორმები როგორც უნდა წარიმართოს საქმის წარმოება,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი არ არის რა მოთხოვნებით წარდგება ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოში, სახელმწიფო კი ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას დაიცავს.

დღის ამბები