03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
რეგიონული პროექტების ფონდის 50 მილიონი ლარით გაიზრდება

მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის 50 მილიონი ლარით შევსება დაავალა. ამის შესახებ მან სპეციალური განკარგულება N1729 გამოსცა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამინისტრომ 25 მილიონი ლარით უნდა შეამციროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებები, იგივე რაოდენობის თანხით უნდა შემცირდეს საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებები.

მთავრობის მიერ გავრცელებულ განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ ფონდში ამ ეტაპზე 11 მილიონ 249 ათას 300 ლარია დარჩენილი. მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან კი 238 მილიონ 750 ათას 700 ლარი უკვე ათვისებულია.

შეგახსენებთ, რომ ფონდის თანხების გამოყენებაზე წინადადებებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში თავად მუნიციპალიტეტები წარადგენენ. განაცხადებებს სპეციალური კომისია განიხილავს, რომელიც სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. დადებითი პასუხის შემთხვევაში შემდგომი ქმედებების განსახორციელებლად თანხა მუნიციპალიტეტს გადაეცემა.

კომისიის სხდომები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში წელიწადში რამდენჯერმე იკრიბება. 

დღის ამბები