03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
ელბაქიძის აღმართზე ტრანსპორტის მოძრაობა 3 თვით აიკრძალა [ფოტო]

თბილისში ელბაქიძის აღმართზე, სადაც დღეს გამთენიისას ქუჩის ნაწილი ჩამოიშალა, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მივიდა. 

ნარმანიას განცხადებით, აღმართზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება 2-3 თვის განმავლობაში აიკრძალება და აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. 

თბილისის მერის განცხადებით, მომხდარს სპეციალური კომისია შეისწავლის და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ნარმანია არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. 

"ეს არ იყო  უბედური შემთხვევა, ეს არის უყურადღებობის გამო მომხდარი ფაქტი. 2-3 თვის განმავლობაში აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება აიკრძალება და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. პარალელურ რეჟიმში მოხდება ფაქტის გამოძიება" - აცხადებს დავით ნარმანია. 

GWP-ის სადისპეჩერო სამსახურში განმარტავენ, რომ პრობლემურ ადგილზე არიან გასულები საავარიო სამსახურის თანამშრომლები და შექმნილ ვითარებას სწავლობენ.

„ადგილი ჰქონდა ფარულ დაზიანებას, რომელმაც დღის განმავლობაში იმატა და გამოიწვია ნგრევა. ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები და დღის ბოლოს გვეცოდინება როდის მოხდება აღნიშნულ პრობლემატურ უბანზე არსებული ხარვეზის აღმოფხვრის შესაძლებლობა“- განცხადა GWP-ის სადისპეჩერო სამსახურის ხელმძღვანელმა თეიმურაზ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ელბაქიძის ქუჩის ნაწილის ნგრევა გამთენიისას მოხდა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები