ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი გახსნა. ირანელი ბიზნესმენები საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაეცნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და სამრეწველო სფეროში. განიხილეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გამოყენების შესაძლებლობაც.
ბიზნესფორუმის გახსნამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრს შორის პირისპირ შეხვედრაც გაიმართა.
„ირანი ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ეკონომიკური პოტენციალის მატარებელი ქვეყანაა. საბედნიეროდ, საერთაშორისო ურთიერთობები რეგიონებში ასე თუ ისე ლაგდება და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ირანიდან დამატებითი ინვესტიციების წამოღებას,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ირანის ვაჭრობის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის პალატის თავმჯდომარის, მუჰამედ რეზა ანსარის თქმით, ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების პოტენციალზე ისაუბრეს.
„ერთი მხრივ, საქართველოში კარგი მმართველობაა. მეორეს მხრივ კი, თქვენს ქვეყანას საუკეთესო გეოგრაფიული ადგილმდებარეობა აქვს. თქვენ შეგიძლიათ დაგვაკავშიროთ შავ ზღვასთან. ირანისთვის ახლა სანქციების შემდგომი ეტაპია. შეგვიძლია, ბევრი რამ გავაკეთოთ ერთად, გავზარდოთ ეკონომიკა, შევქმნათ ერთობლივი პროდუქცია და განვახორციელოთ მისი ექსპორტი. გარდა ამისა, ირანული კომპანიები დაინტერესებული არიან თქვენი ქვეყნით, საქართველოს კი სჭირდება ისეთი კომპანიები, რომელთა ხარისხი მსოფლიოში აღიარებულია,“ - განაცხადა მუჰამედ რეზა ანსარიმ.