ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი საშუალება, ხელახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პერიოდში, საპროტესტო აქციების გამო დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებაა.
"რამდენადაც უწყვეტად გაგრძელდება პროტესტი, რამდენადაც ფართომასშტაბიანი იქნება ქვეყნის სრულ ტერიტორიაზე, აბსოლუტურად მშვიდობიანი [პროტესტი], ხაზს ვუსვამ ამას, მით უფრო ვაიძულებთ ხელისუფლებას, დაიხიოს უკან და მივაღწიოთ ჩვენს ორ მთავარ მიზანს - გავათავისუფლოთ რეპრესიების შედეგად დაკავებული ადამიანები და მივაღწიოთ ახალ არჩევნებს, ვინაიდან ეს ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი საშუალებაა," - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ბერდია სიჭინავა.
კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ ობიექტური მოცემულობის მისაღებად აუცილებელია, ცვლილებების განხორციელება იმ ინსტიტუციაშიც, რომელმაც ხელახალი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს საპროტესტო აქციები. მოთხოვნა ცალსახაა - გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და განისაზღვროს არჩევნების თარიღი. მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები უნდა უზრუნველყონ დამოუკიდებელმა ინსტიტუციებმა და ამ მიმართებით დამოუკიდებელ ინსტიტუციებშიც უნდა მოხდეს შესაბამისი ცვლილებები," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.