12 დეკემბერი 2024,   10:45
ვრცლად
საპროტესტო მუხტის შემცირების მცდელობა თუ ძალადობის პრევენცია - პარლამენტში აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექნიკის რეგულირების შესახებ კანონს დაჩქარებული წესით განიხილავენ

პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მოსმენა გრძელდება. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც აქციების დროს, დემონსტრანტებისთვის სახის დაფარვის აკრძალვასა და პიროტექნიკის იმპორტისა და გაყიდვის რეგულაციებს ეხება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ახალი კანონპროექტი ქვეყანაში საპროტესტო მუხტის შემცირებას ემსახურება.

"ეს არის დრაკონული კანონები, კანონები, რომელიც არის ჩვეულებრივი რეაქცია მშვიდობიან დემონსტრაციაზე. მიზანი არის ადამიანების ფუნდამენტური უფლებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა," - აცხადებს "ლელოს" წევრი, თამაზ დათუნაშვილი.

მმართველ გუნდში ცვლილებების მიზნად ძალადობის პრევენციას ასახელებენ.

"ეს აქციები გახდა რადიკალური და ყველა კარგად ვხედავდით, რომ ერთ-ერთი მთავარი იარაღი იყო პიროტექნიკა. სამომავლოდ კანონმდებლობა უნდა ზღუდავდეს ასეთი ტიპის რესურსების გამოყენებას საიმისოდ, რომ მომავალში, აღარ მოხდეს გამოყენება და ვინმეს დაზიანება ამ თვალსაზრისით. ადამიანები ამაყობენ, რომ ამ აქციაზე დგანან, რაღაც მოთხოვნებს აყენებენ და თუ ეს ასეა და არანაირი ცუდი განზრახვა მათი ქმედებების უკან არ დგას, არ უნდა იყოს იმის საჭიროება, რომ ნიღაბი გამოიყენო," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

იურიდიული კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ აქციებზე ლაზერის გამოყენების აკრძალვის ინიციატივაც დააყენა. მოსმენა პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. კანონის ამოქმედება დეკემბრის ბოლომდე იგეგმება.

დღის ამბები