მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ემანუელ მაკრონის სატელეფონო ზარი ბიძინა ივანიშვილთან უკვე მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების საგანია.
სატელეფონო საუბარს დადებითად აფასებენ მმართველ გუნდშიც. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარესთან სატელეფონო ზარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა და ის ერთ საათს გაგრძელდა.
"საერთაშორისო ურთიერთობებში სტანდარტია - ნებისმიერ საკითხზე როცა იწყება საუბარი, ეს უკვე ძალიან დადებითად უნდა შეფასდეს. რაღაცაზე შეიძლება შეთანხმდნენ და რაღაცაზე შესაძლოა ვერა, მაგრამ თვითონ კეთილგანწყობა და სურვილის გამოხატვა რომ ეს ვითარება დარეგულირდეს, დესტაბილიზაციას და ცეცხლს არ მიეცეს საქართველო, რა თქმა უნდა, ამაში პოზიტიურის მეტი არაფერია. თუმცა, ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვს არ იწვევს, ამ რაკურსითაც შეიძლება ეს საუბარი განვიხილოთ,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
მაკრონმა წუხილი გამოთქვა საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და მის სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. საფრანგეთის პრეზიდენტმა მოწოდებაც გააკეთა - შედგეს ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთან.