09 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
პეტრო პოროშენკო უკრაინაში მობილიზაციის ახალ ეტაპს აცხადებს

უკრაინაში სამხედრო მობილიზაციის ახალი ეტაპი იწყება. შესაბამის ბრძანებას პეტრო პოროშენკო ხელს დღეს მოაწერს.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ვოლნოვახაში მომხდარი ტრაგედია, რომლის დროსაც სეპარატისტების მიერ ნასროლი რაკეტა სამგზავრო ავტობუსს დაეცა, რასაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე ღამით დონეცკში სეპარატისტებმა სარაკეტო სისტემებით და ტანკებით მიიტანეს იერიში აეროპორტზე. შედეგად, შენობის ერთი ნაწილი მთლიანად განადგურდა. გავრცელებული ცნობით, ინტენსიური შეტევების გამო დანგრეულია სადისპეტჩერო კოშკიც.

პრეზიდენტმა მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა და განაცხადა, რომ ამ საზარელ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სეპარატისტებს ეკისრებათ.

მომხდარი დაგმეს ეუთომ და გაეროს უშიშროების საბჭომ, რომელმაც ტრაგედიის ობიექტური გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. თავდასხმას გამოეხმაურა ვაშინგტონიც.
"ჩვენ ვგმობთ სეპარატისტების მიერ დონეცკის აეროპორტზე შეტევების განახლებას და ავტობუსის დაბომბვას. ეს არის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ნამოქმედარი. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები," - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა მარი ჰარფმა.

დასავლეთის მოწოდებების მიუხედავად, რუსეთი ყირიმში საბრძოლო ქვედანაყოფების რაოდენობის გაზრდას აპირებს. ნახევარკუნძულის გარდა, დამატებითი რუსული შენაერთები განთავსდება არქტიკის რეგიონში და ნატოს წევრი ქვეყნების მოსაზღვრე კალინინგრადშიც.

 

 

დღის ამბები