03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
საგარეო უწყებამ 23 ქართველი მეზღვაურის საკითხზე მუშაობა დაიწყო

ხუთ სხვადასხვა გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურების დახმარება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

საქართველოს 23 მოქალაქე უკვე რამდენიმე თვეა აფრიკის კონტინენტზე მდებარე ბენინის რესპუბლიკის ქალაქ კოტონუს ყურეში მყოფ ხომალდებზე იმყოფება. ისინი დახმარებას ითხოვენ, რადგან ბერძნული კომპანია, რომელმაც გემები დაიქირავა, მათთან კონტაქტზე აღარ გამოდის.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გემებისა და მასზე მყოფი ქართველი მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს.

სამინისტროს პრესსპიკერი დავით კერესელიძე ამბობს, რომ შეტყობინების მიღებისთანავე ისინი დაუკავშირდნენ შესაბამის საკონსულოებს, რომლებმაც უკვე დაიწყეს მუშაობა მეზღვაურებთან დასაკავშირებლად და კონკრეტული ღონისძიებების გასატარებლად.

"ხუთი გემია და რომელ გემზე რამდენი ქართველია გადანაწილებული, ეს ჩვენ არ ვიცით. არც გემის სახელი ვიცით, არც კომპანიის. ზუსტდება ინფორმაცია და რეაგირება იქნება," - განაცხადა დავით კერესელიძემ.

ეკიპაჟი უკვე საკვების და წყლის მარაგის გარეშეა დარჩენილი. აფრიკის წყლებში ჩარჩენილი ქართველი მეზღვაურების შესახებ დეტალური ინფორმაცია ბათუმის საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტომ საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე მიაწოდა.

დღის ამბები