03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
მარტოხელა მშობლის სტატუსით მამებიც ისარგებლებენ

ორგანიზაცია ”ძალადობის საწინააღმდეგო ქსელი” წლებია მარტოხელა დედების საკითხზე მუშაობს. მათი ინფორმაციით, 2013 წლამდე საქართველოში სამშობიაროებიდან მხოლოდ ერთი მშობლის ხელმოწერით ჩვილი 30 ათასამდე დედამ გაიყვანა.

მარტოხელა დედებისთვის იურიდიული სტატუსის განსაზღვრის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს რამდენიმე თვის წინ მიმართეს. არასამთავრობო სექტორის მიმართვის მიხედვით, მარტოხელა დედების სტატუსის მქონე პირებს სოციალური შემწეობაც უნდა დაენიშნოთ. თუმცა პარლამენტში უკვე დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც მარტოხელა დედის სტატუსი აღარ იარსებებს და მის ნაცვლად მარტოხელა მშობლის სტატუსი ამოქმედდება. ამ სტატუსით დედებთან ერთად მამებიც ისარგებლებენ, მარტოხელა მშობლად განისაზღვრება ქალი, რომელიც რეგისტრირებული ქორწინების გარეშე გაჩენილ 18 წლამდე შვილს ზრდის, ასევე ქალი და მამაკაცი, რომლებსაც შვილად აყვანის შედეგად 18 წლამდე ბავშვი ჰყავთ. 

კანონპროექტის ავტორების შეფასებით, მარტოხელა დედის შესახებ არსებული სტატუსი ფორმალური იყო, რადგან ისინი მხოლოდ შემოსავლის 20 პროცენტის დაბეგვრისგან თავისუფლდებოდნენ. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, რა თანხას მიიღებენ მარტოხელა მშობლები.

მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრის საკითხზე მოლაპარაკებები, ჯანდაცვის უწყების გარდა, იუსტიციის სამინისტროსთანაც მიმდინარეობს. რეგისტრირებული ქორწინების გარეშე გაჩენილი ბავშვების შესახებ ინფორმაცია სერვისის განვითარების სააგენტოშია დაცული, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი მონაცემი იმის შესახებ, თუ რამდენი მარტოხელა მშობელია საქართველოში. კანონპროექტის ავტორების განმარტებით, სოციალური პაკეტის შედგენაზე მსჯელობა მარტოხელა მშობლების სტატუსის განსაზღვრის და მათი რაოდენობის დადგენის შემდეგ დაიწყება.

იმ შემთხვევაში, თუ მარტოხელა მშობელი კანონიერ ქორწინებაში შევა, ან შვილი 18 წლის შესრულდება, ეს სტატუსის ავტომატურად გაუქმებას გამოიწვევს. კანონპროექტი, რომელიც მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრას ითვალისწინებს, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტში პირველი მოსმენით უკვე განიხილეს. საკომიტეტო მოსმენების დასრულების შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებას სესიაზე განიხილავენ.

დღის ამბები