09 ოქტომბერი 2024,   14:18
ვრცლად
გიუმრის მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ავეტისიანების მკვლელობა შეკეთილი იყო

გიუმრის მოსახლეობას ავეტისიანების ოჯახის ტრაგედიასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა აქვს. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა ყოფილიყო; არის ვერსია, რომ მკვლელობაში ვალერი პერმიაკოვის გარდა სხვა პირებიც მონაწილეობდნენ.

გიუმრის ტაძართან 6 თვის სერჟ ავეტისიანის სამოქალაქო პანაშვიდზე მისულ მოქალაქეებს „რუსთავი 2"-ის კორესპონდენტი გაესაუბრა. ისინი კვლავ მოითხოვენ დაკავებული რუსი ჯარისკაცის სომხური მხარისთვის გადაცემას.

„ბევრი ვერსია არსებობს ამ საშინელი ტრაგედიის შესახებ. მშვიდად ვეღარ ვგრძნობთ თავს რადგან დაცულები არ ვართ. შესაძლოა, ჩვენს სახლებშიც იგივე მოხდეს. ვფიქრობ, რომ ამას ერთი ადამიანი ვერ ჩაიდენდა და არსებობს ვერსია, რომ ამ ტრაგედიაში სხვებიც მონაწილეობდნენ,“ - განაცხადა ნინა ხაჩატურიანმა.

კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები, ლევონ გევორქიანი კი შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს.

„ცხადია, რომ ეს არის უბედურება. მსგავსი ფაშისტებსაც კი არ გაუკეთებიათ. მთელი ქალაქი გლოვობს. უამრავი რამ შემიძლია ვიფიქრო - არ გამოვრიცხავ, რომ ეს მკვლელობა შეკვეთილიც იყო,“ - განაცხადა გევორქიანმა.

6 თვის სერჟ ავეტისიანს, რომელიც ექიმების რამდენიმე დღიანი მცდელობის მიუხედავად გარდაიცვალა, დღეს დაკრძლავენ. სამოქალაქო პანაშვიდი გიუმრიში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. უკვე გადაწყვეტილია, რომ მკვლელობისთვის დაკავებული რუსი სამხედრო სომხეთში გასამართლდება - თუმცა გაურკეველია გადასცემს თუ არა მას რუსეთი სომხეთს.

უკვე მეორე დღეა ადგილობრივები გიუმრიში პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ჩასვლას ელოდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები