03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
ომბუდსმენის 154 რეკომენდაციიდან 35 შესრულდა

სახალხო დამცველის რეკომენდაციები მხოლოდ ნაწილობრივ სრულება. უჩა ნანუაშვილმა გასულ წელს, საერთო ჯამში, სხვადასხვა უწყებებსა და ცენტრალურ მთავრობას სულ 154 რეკომენდაცია წარუდგინა, საიდანაც მხოლოდ 35 შესრულდა.

სახალხო დამცველის თქმით, ყველაზე მეტი რეკომენდაცია და შენიშვნა მთავარ პროკურატურას გაეგზავნა და მათი უმეტესობა გამოძიების დაწყებისას სხვადასხვა დარღვევას, არასათანადო მოპყრობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ეხებოდა.

სტატისტიკა დღეს საზოგადოებას სახალხო დამცველმა წარუდგინა.

„არის რეკომენდაციები, რომელიც შესრულდა, მაგრამ კონკრეტული შედეგი არ დადგა. მაგალითად, იყო რეკომენდაცია პროკურატურის მისამართით, რომელიც ეხებოდა გამოძიების დაწყებას. რიგ შემთხვევებში გამოძიება დაიწყო, მაგრამ კონკრეტული შედეგი არ დადგა,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

პრეზენტაციას სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, კახა კახიშვილი, ესწრებოდა. მისი თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის ფაქტები გასაკვირი არ არის. სწორედ ამიტომ, უწყების მოვალეობა და ამოცანაა, მოხდეს ფაქტის დაფიქსირება, გამოძიება და რეაგირება.

სახალხო დამცველის რეკომენდაციას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი გაეცნობა, რის შემდეგად შესაბამის უწყებებს კონკრეტულ პრობლემებზე განმარტებების გაკეთება მოუწევთ.

„თებერვალში დავიწყებთ უკვე ოფიციალურად მოსმენას ყველა უწყების მხრიდან, რა რეკომენდაცია შესრულდა, რა ვერ შესრულდა და რატომ ვერ შესრულდა. ამ ანალიზის შემდეგ უკვე მივიღებთ შესაბამის ზომებს,“ - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

დღის ამბები