03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
ადრეული ქორწინების რაოდენობის მიხედვით საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ადგილზეა

ადრეული ქორწინების რაოდენობის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ადგილს იკავებს. ამის მიზეზი კი, ხშირ შემთხვევაში, ისევ ქართული ტრადიციებია. მაგალითად, მოტაცება ადრეულ ასაკში. თუმცა უფრო მძიმე შემთხვევებიც გვხდება. საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჯერ ისევ შემორჩენილია გოგონათა გასხვისება ფულისა და შინაური ცხოველების სანაცვლოდ.

"2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზისო საფეხურის დასრულებამდე 7 367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება, რისი მიზეზიც უმრავლეს შემთხვევაში ადრეული ქორწინებაა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია იძულებით ქორწინების შემთხვევები, რაც მოტაცების ან მშობლებს შორის გარიგების შედეგია,” - ნათქვამია სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში, რომელიც გენდერულ თანასწორობასა და ქალთა უფლებებს ეხება.

ომბუდსმენის შეფასებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ლაგოდეხის რაიონის კაბალის თემში, სადაც ბოლო პერიოდში 20-ზე მეტი ადრეული ქორწინების შემთხვევა დადასტურდა, განსაკუთრებით მაღალია იძულებითი ქორწინების შემთხვევები, გოგონათა მოტაცება და გარიგებით ქორწინება.

„კაბალის თემში არ იციან, ვის უნდა მიმართონ ბავშვის უფლების დარღვევის შემთხვევაში," - განმარტავს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის ანგარიში, ადრეულ ქორწინებასთან ერთად, პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართვას, გენდერული ნიშნით ძალადობას, ქალების შრომით უფლებებს, ადრეულ ქორწინებას, ლგბტ პირთა უფლებრივ მდგომარეობას და სხვა საკითხებს მოიცავს.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2013 წელს კვლავ ბევრი იყო ოჯახში ძალადობის შემთხვევები. 112-ის გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში რეგისტრირებული შემთხვევებიდან ფიზიკური ძალადობის 139, ხოლო ფსიქოლოგიური ძალადობის 188 შემთხვევა დადასტურდა.

2013 წლის მონაცემებით, გენდერული თანასწორობის მთავარ გამოწვევად ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი რჩება. საქართველოს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა 11%, მინისტრთა კაბინეტში - 21%, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში - 10%-ია.

გასული წლის მდგომარეობით, ქალთა ეკონომიკური აქტივობისა და ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კუთხით „გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის“ მონაცემებით, საქართველომ, წინა წლებთან შედარებით, პროგრესის ნაცვლად, უკანა პოზიციაზე გადაინაცვლა. 136 ქვეყანას შორის იგი 64-ე ადგილზეა.

"2013 წელს საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ორსულ ქალთა გათავისუფლების ფაქტები. ისინი უმეტეს შემთხვევაში პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდნენ, რის გამოც ვერ მოხერხდა პრობლემის სამართლებრივი გადაწყვეტა,’’ - აღნიშნავენ სახალხო დამცველის აპარატში.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე ადრეულ ასაკში იძულებითი ქორწინების საწინააღმდეგოდ გამოსავალს კანონმდებლობის გამკაცრებაში ხედავს.

პარლამენტში ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე უკვე დაიწყო მსჯელობა. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი გუგული მაღრაძეა. ცვლილებები „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შედის. კანონპროექტის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უკვე იმსჯელა და მის პლენარულ სხდომაზე გატანასაც დაუჭირა მხარი.

დღის ამბები