12 მაისი 2024,   14:27
ვრცლად
პრემიერი ან არ იცნობს კანონმდებლობას, ან ხალხს ურცხვად ატყუებს - ოპოზიციის კრიტიკა

ოპოზიციაში პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დროს წარმოთქმულ სიტყვას „ინფანტილურ თავდაჯერებულობას“ უწოდებენ.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი, ირაკლი აბესაძე, აცხადებს, რომ სამწუხაროა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა არ იცის, თუ რამდენპროცენტიანი ბარიერის გადალახვა სჭირდებათ მათი პარტიის მაჟორიტარ დეპუტატებს თვითმმართველობის არჩევნებზე.

„ეს ინფანტილური თავდაჯერებულობის შემატების მცდელობა არის. ყველამ კარგად ვნახეთ, რომ საპარლამენტო არჩევნებზეც ვერ შეძლო ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ 50%-იანი ბარიერის გადალახვა და მას შემდეგ ქართული ოცნების მხარდაჭერა ხალხში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დაკლებულია. პრემიერი განცხადება ღიმილის მომგვრელია, როდესაც პრემიერი ასეთ ოფიციალურ წარდგენაზე, სამწუხაროდ, უშვებს ასეთ შეცდომას,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე, აცხადებს, რომ პრემიერი ან კანონმდებლობას არ იცნობს, ან საზოგადოების მოტყუებას ცდილობს.

„სამწუხაროდ, საქართველოს პრემიერმინისტრი არ იცნობს კანონმდებლობას, ან იცნობს და ურცხვად ატყუებს საკუთარ მოსახლეობას და სწორედ ამ უვიცობას და არაკომპეტენტურობას დავასრულებთ ჩვენ ოქტომბერში არჩევნების გზით,“ - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები