21 დეკემბერი 2024,   17:15
ვრცლად
ლადო სადღობელაშვილი პოლიციას ძალადობასა და ფიზიკური დაზიანებების მიყენებაში ადანაშაულებს

ლადო სადღობელაშვილი პოლიციას ძალადობასა და ფიზიკური დაზიანებების მიყენებაში ადანაშაულებს. კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ე.წ. ქართველთა მარშის აქციისას დაკავებული გვიან ღამით თბილისის მთავარ სამმართველოში ადვოკატმა მოინახულა.

მისი განმარტებით, დაკავება კანონდარღვევით მოხდა, რის შემდეგაც სამართალდამცველები ლადო სადღობელაშვილს მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„აქვს სისხლნაჟღენთები ნეკნებში უკანა მხრიდან. ასე რომ თქვას სამართალდამცავმა ორგანოებმა რომ ლადო სადღობელაშვილმა თვითონ მიიყენა ეს დაზიანებები, ნამდვილად არ გამოვა. თვითონ ამბობს, რომ სცემეს დაკავებისას და მერე კიდევ მანქანაში გააგრძელეს, მანამ სანამ არ აიყვანეს განყოფილებაში,“-განაცხადა ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა.

პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს „ქართული მარშის“  დამფუძნებელი სანდრო ბრეგაძეც.

„ჩვენ აუცილებლად ვაგებინებთ პასუხს ყველა იმ ე.წ. სამართალდამცავს, რომელმაც ჩაიდინა ასეთი ტიპის გაუგონარი დანაშაული. დაკავებულ ადამიანებს აღარ ცემენ ჩრდილოეთ კორეაში,“-აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

პოლიციის მხრიდან ძალადობის ბრალდებას უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიება ქართველთა მარშის წევრის მიმართ წვრილმანი ხულიგნობისა და წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით მიმდინაროებს. სასამართლოს წინაშე ლადო სადღობელაშვილი დღეს წარდგება.

დღის ამბები