03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
აზერბაიჯანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

აზერბაიჯანში მომხდარი ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილებს შორის, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან. დილიდან რუსულ წყაროებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. 

აზერბაიჯანში საქართველოს საკონსულოს ცნობით, 3 გარდაცვლილიდან 2 აზერბაიჯანის მოქალაქეა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მესამე გარდაცვლილის, 10 წლის ბავშვის იდენტიფიცირება.

როგორც ”კურიერთან” საუბარში აზერბაიჯანში საქართველოს კონსული აცხადებს, მისი საბუთები ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 20-მდე ადამიანი დაშავდა. ავტობუსში, რომელიც სატვირთო ავტომობილს დაეჯახა, სულ 40-მდე მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში დილის 4 საათისთვის გადაიყვანეს. მათგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია. მათ შორის არის ავტობუსის მძღოლიც. საავადმყოფოში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეებიც, რომელთა მდომარეობა სტაბილურია.

ცნობილი ხდება, რომ ავტობუსი ქართული სანომრე ნიშნებით მოძრაობდა. „კურიერის“ ჟურნალისტთან საუბარისას იმ კომპანიის წარმომადგენელმა, რომელსაც ავტობუსი ეკუთვნის, განაცხადა, რომ ავარია, სავარაუდოდ, მძღოლის ჩაძინებამ გამოიწვია.

დაშავებული მგზავრები კი აცხადებენ, რომ სატვირთო მანქანა და ავტობუსი ერთი მიმართულებით მოძრაობდნენ და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე იმყოფება აზერბაიჯანში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელი, რომელიც დაშავებული ქართველების საბუთების მოწესრიგებაზე მუშაობს, რათა დროულად მოხერხდეს მათი გადმოყვანა.  

დღის ამბები