09 ოქტომბერი 2024,   14:17
ვრცლად
"2014 წელი იყო შავი წელი ევროპის უსაფრთხოებისათვის," - იენს სტოლტენბერგი

"2014 წელი იყო შავი წელი ევროპის უსაფრთხოებისათვის," - ასეთ შეფასებას აძლევს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გასულ წელს.  

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც დღეს ჟურნალისტებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააცნო.

ნატოს გენმდივანი დოკუმენტში ყველა იმ მნიშვნელოვან თემას შეეხო, რომელიც გასულ წელს აქტუალური იყო.

დოკუმენტში ცალკე თავი ნატოს ღია კარის პოლიტიკას ეძღვნება, სადაც საუბარია უელსის სამიტის მიღწევებზე და საქართველოზე, როგორც ნატოს წევრობის მსურველ ქვეყანაზე.

„საქართველო ღირებული პარტნიორია. მომავალ კვირას გავმართავთ ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან ერთად. ეს არის ნატოსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გამოხატულება. დავიწყეთ არსებითი პაკეტის განხორციელება, რომელიც ეხება თავდაცვის შესაძლებლობების შექმნას და საქართველოს დახმარებას შეიარაღებული ძალების მოდერნიზებასა და რეფორმირებაში. ვქმნით საწვრთნელ ცენტრს, სადაც ნატოს ინსტრუქტორები ქართველ ოფიცრებთან, სამხედრო პერსონალთან ერთად იმუშავებენ. მათ ჩაუტარდებათ ინსტრუქციები და წვრთნა,” - ამბობს ნატოს გენმდივანი. 

ერთ-ერთი მთავარი თემა დღევანდელ ბრიფინგზე იყო უკრაინა და რუსეთი. ნატოს გენერალურმა მდივანმა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის  დაწესებული სანქციებიც შეაფასა და თქვა, რომ პირადად ის მიესალმება ამ სანქციებს.

„მხარს ვუჭერთ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს. მან უნდა იცოდეს, რომ შედეგი მოჰყვება, როდესაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ძალის გამოყენებით ცვლის საზღვრებს და ახდენს სხვა ქვეყნის ტერიტორიის ანექსიას.

ეკონომიკური კრიზისის, ფინანსური პრობლემების მიუხედავად, რუსეთმა გაზარდა თავდაცვითი ხარჯები და ეს საკითხი მათთვის კვლავაც პრიორიტეტულია. ვნახეთ, რომ განავითარეს სამხედრო შესაძლებლობებიც და შეიძლიათ სწრაფად ჩაატარონ წვრთნა, მოახდინონ ათასობით ჯარისკაცის მობილიზება ძალიან მოკლე ვადაში. ვნახეთ ისიც, რომ აქვს სურვილი, ძალა გამოიყენოს. როგორც ეს გააკეთა საქართველოში, მოლდოვასა და ახლა უკვე უკრაინაში.

ნატომ გადაწყვიტა რუსეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შეწყვეტა. მაგრამ პოლიტიკური დიალოგისთვის არხები ღიაა.”

დღის ამბები