კატალონიაში კენჭისყრა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩასაშლელად პოლიცია რეზინის ტყვიებსა და ხელკეტებს იყენებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 300-ზე მეტი ადამიანი.
რეზინის ტყვიები და სხვა სპეცსაშუალებები ესპანელმა ძალოვანებმა ბარსელონას ერთ-ერთ სკოლასთან გამოიყენეს, სადაც საარჩევნო უბანია განლაგებული. პოლიციას დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩაშლა აქვს დავალებული, რომელსაც ოფიციალური მადრიდი არალეგიტიმურად ცნობს. ამ მიზნით, სამართალდამცველებმა შენობაში შესვლა და საარჩევნო ინვენტარის გამოტანა სცადეს, რის საშუალებაც მათ მოქალაქეებმა არ მისცეს.
ოფიციალური მადრიდი ირწმუნება, რომ არეულობა კატალონიელების მიერ იყო პროვოცირებული, რადგან მათ პოლიციელებს ქვები და მძიმე საგნები დაუშინეს, რის შედეგადაც 11 ოფიცერი დაშავდა. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ თვითმხილველები და კატალონიის ლიდერები. მათი განცხადებით, პოლიცია შეტევაზე გადავიდა, დაპირისპირების შედეგად კი 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.