ერთი მილიარდით გაზრდილ ბიუჯეტში პენსიების მატება გათვალისწინებული არ არის. საკითხი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დებატების მიზეზი გახდა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული მთავარი საფინანსო დოკუმენტი ქვეყანაში სოციალური ფონის გაუმჯობესებას ვერც მომავალ წელს უზრუნველყოფს.
მომავალი წლის ბიუჯეტი 12 მილიარდ 364 მილიონ 500 ათასი ლარი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელთან შედარებით ის 949 მილიონი ლარით არის გაზრდილი. გაზრდილი თანხის დიდი ნაწილის დახარჯვას ხელისუფლება ინფრასტრუქტურულ პროექტებში გეგმავს და დამატებით 2 მილიარდის ოდენობის სახელმწიფო ვალსაც იღებს.
111 მილიონით არის გაზრდილი ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, საიდანაც თანხის დიდ ნაწილი მომავალ წელსაც საყოველთაო ჯანდაცვაზე დაიხარჯება. 62 მილიონით იზრდება ჯეჯელავას უწყების ბიუჯეტი, ყველაზე მეტი 572 მილიონი კი რეგიონული განვითარების სამინისტროს დაემატება. ამ უწყებისგან განსხვავებით, მომავალ წელს მნიშვნელოვნად, 116 მილიონით არის შემცირებული ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი, საერთო ჯამში 40-ზე მეტი მილიონი ლარით მცირდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, რასაც უწყებაში ფრანგული მხრიდან დაფინანსების შემცირებას უკავშირებენ და ამტკიცებენ, რომ საერთო ჯამში სამინისტროს დაფინანსება არ მცირდება.
ქამრების შემოჭერის დეკლარირებული პოლიტიკის პარალელურად 10 მილიონით არის გაზრდილი მთავრობის სარეზერვო ფონდის დაფინანსება და ის მომავალ წელს 50 მილიონი იქნება. ისევ 5 მილიონით დაფინანსდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი.