საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას თბილისის ცენტრში - პუშკინის სკვერსა და თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთები 1 ლარად გადაეცემა.
პრემიერმინისტრმა პარკინგის აშენების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი საპარკინგე ადგილის მშენებლობას პრაქტიკულად არაკომერციული მიზნებით იწყებს.
„როდესაც თბილისის მერია სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებიც თბილისში 10 პარკინგს ააშენებენ, იმიტომ, რომ არ არის პარკინგები თბილისში და სამწუხაროდ, დღეს რადგანაც პარკინგი ვერ გახდა ბიზნესი, იმიტომ, რომ პარკინგის ღირებულება არ არის ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს დღეს მსოფლიოს წამყვან ქალაქებში, ამიტომ პარკინგი ძალიან გვჭირდება.
"ეს ადამიანი, პრაქტიკულად არაკომერციულ საწყისებზე აშენებს ორჯერ მეტ პარკინგს, ვიდრე ეს სჭირდება იმ სასტუმროს, რომელიც იქ შენდება და რა კიდევ, ბოტანიკური ბაღის მითვისება უნდაო, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, არა ბოტანიკურ ბაღში, საჭირო არის სულ რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრის დამატება იმისთვის, რომ ეს გახრიოკებული ფერდობები, რომელიც არის ბოტანიკური ბაღიდან წავკისამდე, სადაც არის გათვალისწინებული ამ პროექტის მშენებლობა გამწვანდეს და მოირწყას და ირიგაცია მოხდეს ამ ახალი ტერიტორიის," - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.
რაც შეეხება თაბორის მთას, პრემიერის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით „გახრიოკებული ადგილის გამწვანება მოხდება“.
მისი ინფორმაციით, იგეგმება მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება. პრემიერმა თანაგუნდელებს მიმართა „თამამად ისაუბრონ სიმართლეზე“. კვირიკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იმსახურებს იმას, რასაც იღებს.
„როდესაც შენ მართალი ხარ, ცოტა უფრო თამამად არის საჭირო ამ სიმართლის თქმა და არავის არ უნდა მოერიდოს ვთქვათ, რაზეა საუბარი. საუბარია მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციაზე, მე მგონი ჩვენ ინვესტორები გვჭირდება და რაკი ბიძინა ივანიშვილია, არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია, მე მგონი ეს არასწორია. მიმართულება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო, არის სწორი და ცოტა თამამად ვუთხრათ სიმართლე ჩვენს მოსახლეობას და ეს ადამიანიც, ბიძინა ივანიშვილი, არ იმსახურებს იმას, რასაც ღებულობს,“ - აცხადებს კვირიკაშვილი.