საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა უცბად ვერ მოხდება - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან შეხვედრისას გააკეთა.
„პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ იმ პანიკის მიუხედავად, რაც ზოგიერთმა აფერისტმა და ისთაბლიშმენთის წარმომადგენელმა ატეხა საქართველოში, თქვენ გამოავლინეთ სიმტკიცე, ძალა და პოზიცია და განაგრძობთ პარლამენტებისა და ქვეყნების დაახლოების პოლიტიკას. ქართველ ხალხს, ქართველ ერს და საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ეს პოლიტიკა და მიესალმებიან მას. ქართველმა კოლეგებმა შემოგვთავაზეს, რომ ფორმატი კიდევ გაფართოვდეს და უფრო მეტი დეპუტატი ჩამოვიდეს მოსკოვში. ჩატარდება თუ არა ფორუმი და ჩავლენ თუ არა რუსი დეპუტატები საქართველოში, ეს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული,“ - განაცხადა ლეონიდ კალაშნიკოვმა.
მისი თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არ არის ადვილი, თუმცა ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრები გუშინ მოსკოვში გაემგზავრნენ და დუმის წევრებთან შეხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი.
5 დღის განმავლობაში ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე მოლაპარაკებებს აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე გამართავენ.
ეს პარტიის მოსკოვში უკვე მეორე ვიზიტია. "პატრიოტთა ალიანსი" რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებასა და ახალი - საქართველო-ნატო- რუსეთის ფორმატის ამოქმედებას ითხოვს.