ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნების" კანდიდატს კახა კალაძეს დებატებში იწვევს - ეს განცხადება თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„მე გადავწყვიტე ყოველგვარი შუამავლების, მიკიბ-მოკიბვის გარეშე, მივმართო "ქართული ოცნების" შტაბს, ჩემს კონკურენტს "ქართული ოცნებიდან", კახი კალაძეს და მე მას ვიწვევ პირდაპირ ღია საჯარო დებატებში,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერ არხზე და ნებისმიერ ფორმატში მზად არის, კახა კალაძესთან დებატებში დაჯდეს.
„მე მიმაჩნია, რომ თბილისის მოსახლეობა, მოქალაქეები იმსახურებენ იმას, რომ კანდიდატები მუშტი-კრივზე კი არ ესაუბრებოდნენ, არამედ ესაუბრებოდნენ იმის შესახებ, თუ რას ვუპირებთ ჩვენ ამ ქალაქს. როგორ უნდა ვუშველოთ ამ ჯოჯოხეთურ საცობებს, რომლებშიც ყველა დავიტანჯეთ, რა უნდა ვუქნათ ამ მოშხამულ ჰაერს, შემცირებულ გამწვანებას, მონჯღრეულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მე მზად ვარ, დებატების დროს, დავასაბუთო, როგორ გადავარჩენთ მე და ჩემი გუნდი ამ ქალაქს საშინელი პრობლემებისგან,“ - განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილი ამ შეთავაზებაზე კალაძისგან პასუხს ელოდება.