20 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
„ქართული ოცნება“ ულტიმატუმების ენით ელაპარაკება უკვე პრეზიდენტს - ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს 

საპარლამენტო უმრავლესობა მმართველი გუნდის შეთავაზებას პრეზიდენტისადმი, ორ კონკრეტულ საკითხზე გამოიყენოს ვეტო, ულტიმატუმს უწოდებს.

საუბარია შეთავაზებაზე, რომელიც  ბარიერის 3%-მდე დაწევას, 2020 წლისთვის ბლოკების ერთჯერადად დატოვებასა და პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადასვლას ეხება.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს ძალაში შევიდეს კონსტიტუცია, რომელიც მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს აწყობს.

„ქართული ოცნება“ ულტიმატუმების ენით ელაპარაკება უკვე პრეზიდენტს, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესია მიიღოს კონსტიტუცია ისეთი, როგორიც უნდა ამ ერთ პარტიას და როგორიც უნდა ბიძინა ივანიშვილს. მათ ინტერესში არ არის კონსტიტუცია ემსახურებოდეს ხალხის ინტერესს,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მმართველი გუნდისგან არანაირ დათმობაზე წასვლას არ ელოდება არც „ნაციონალური მოძრაობა.“ ზაზა ბიბილაშვილის თქმით, ხელისუფლების შეთავაზება უპასუხისმგებლოა.

ბიბილაშვილის განცხადებით, „ქართლმა ოცნებამ“ ქვეყანა და საკონსტიტუციო პროცესი ერთპარტიული კონსტიტუციის მიღებით ჩიხში შეიყვანა.

„ის რომ „ქართული ოცნება“ ითხოვს ვეტოს დადებას ორი კონკრეტული მიმართულებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ძალა არის სრულიად უპასუხისმგებლო და ვერ აცნობიერებს იმას, თუ რაოდენ დიდ ჩიხში შეიყვანა ქვეყანა და მთლიანად საკონსტიტუციო პროცესი. მათ რომ სურდეთ, რომ ეს კონსტიტუცია იყოს დემოკრატიული და არა მხოლოდ ერთპარტიული როგორიც დღეს მივიღეთ, ისინი გაითვალისწინებდნენ საზოგადოების მოთხოვნას, გაითვალისწინებდნენ ვენეციის კომისიის მოთხოვნას და დააბრუნებდნენ კონსტიტუციას მეორე მოსმენაზე,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ზაზა ბიბილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 16:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მმართველი გუნდის წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართება.

მთავარი განსახილველი საკითხი კონსტიტუციის ახალი პროექტია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის მთავარი კანონის იმ პუნქტებს გააცნობენ, რომლის შეცვლას, პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში დათანხმდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები