იყენებს თუ არა „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსს? - "სტუდია მონიტორის“ სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, რომ თბილისის ბაღების დირექტორების ნაწილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიებს ადგენს და ანგარიშს ბაღების სააგენტოს უგზავნის.
გასაჯაროებული მასალების მიხედვით, მმართველ პარტიას გეგმაც კი აქვს დაწესებული - ერთი ბაღის დირექტორმა ადმინისტრაციას მხარდამჭერთა მინიმუმ, 100 კაციანი სია უნდა წარუდგინოს.
"სტუდია მონიტორის" სიუჟეტის მიხედვით, ასეთი დავალების არსებობას და მის შესრულებასაც კი, თავად დირექტორებიც ადასტურებენ.
მათ საგამოძიებო ჯგუფის რეპორტიორები მობილურ ტელეფონზე, ბაღების სააგენტოს წარმომადგენლის სახელით დაუკავშირდნენ და ინფორმაცია ამ ფორმით მოიპოვეს.
სტუდია „მონიტორის“ წარმომადგენლების თქმით, ბაღების დირექტორებს მოგვიანებით ისევ დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ისინი ჟურნალისტები იყვნენ და არა სააგენტოს თანამშრომლები.
„რუსთავი 2"-თან სატელეფონო ინტერვიუში ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი, თემურ თორდინავა აცხადებს, რომ "სტუდია მონიტორის“ სიუჟეტიდან არ იკვეთება, რომ ბაღის დირექტორები საუბრობენ.
„მე ვერ ვხედავ, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საუბრობენ, რომ არიან კონკრეტული საბავშვო ბაღის დირექტორები, ეს შეიძლება იყოს რიგითი მოქალაქეების საუბარი ან რომელიმე თანამშრომლების. აქ ვერ იკვეთება, რომ ესენი იყვნენ საბავშვო ბაღის დირექტორები, სააგენტოს თანამშრომლების და ხელმძღვანელობის მხრიდან მსგავსი რამ, რაც სიუჟეტში იკვეთება, არასოდეს გაცემულა," - აცხადებს თემურ თორდინავა.
არასამთავრობო სექტორი ცესკო-სა და პროკურატურისგან ფაქტის შესწავლას და მასზე მკაცრ რეაგირებას ითხოვს.
„სახეზეა სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. ამაზე რეაგირება უნდა გააკეთოს, როგორც საქართველოს პროკურატურამ, ასევე ცესკო-მ,“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.