თბილისის საკრებულოს უმცირესობა ბაღების სკანდალის გამოძიებას ითხოვს. დეპუტატების განცხადებით, მმართველი გუნდი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.
საქმე ეხება "სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და საიდანაც ირკვევა, რომ სკოლამდელი დაწესებულებების დირექტორების ნაწილი სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიებს ადგენს და ანგარიშს ბაღების სააგენტოს უგზავნის.
“აღმზრდელები დაკავებულები არიან „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიით. ისინი დაკავებულები არიან ადამიანების მობილიზებით, სიების შედგენით, რომლებიც აპრიორი „ქართული ოცნების“ ხმის მიმცემები იქნებიან იძულების წესით შემდგომ და ბავშვები რჩებიან უყურადღებოდ. პროკურატურა აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ამ საქმის გამოძიებით და აუცილებლად უნდა დადგეს ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი,“-განაცხადა „ენმ“-ს წევრმა მარინა დათუკიშვილმა.
საგამოძიებო უწყებას პოლიტიკოსები ძალადობისა და დაშინების ნიშნების მოკვლევასაც სთხოვენ.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დარღვევა, რა თქმა უნდა ეს არის უხეში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სხვა მრავალ დარღვევებთან ერთად, რომელსაც „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ იყენებს და ამას მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ 21 ოქტომბერს „ქართველი ამომრჩეველი ღირსეულ პასუხს გასცემს,“-აცხადებს ფრაქცია „თბილისის“ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი.
ბაღების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობასთან დაკავშირებით საუბარი არ სურს საკრებულოს უმრავლესობას. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ინფორმაციას საკითხთან დაკავშირებით არ ფლობს.