საქართველოს პრეზიდენტთან მმართველი გუნდის მიერ გამართულ მოლაპარაკებებს განსხვავებული შეფასებები მოჰყვა პარლამენტში.
საპარლამენტო უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ გუშინ გამართული კონსულტაციები შედეგს გამოიღებს, თუმცა აცხადებენ, რომ მათი პრინციპული პოზიცია უცვლელია.
მმართველი გუნდისთვის მისაღები კვლავ მხოლოდ ორი საარჩევნო საკითხის ცვლილებაა. საუბარია შეთავაზებაზე, რომელიც ბარიერის 3%-მდე დაწევას, 2020 წლისთვის ბლოკების ერთჯერადად დატოვებასა და პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადასვლას ეხება, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ვეტოს მხოლოდ ამ მიმართულებით ელოდება.
„ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ პრინციპული პოზიცია უნდა გვქონდეს ვინაიდან სახელმწიფოს ინტერესები სრულად აისახება იმ პოზიციაში, რომელიც გვაქვს. პრეზიდენტსაც სჭირდება გარკვეული დრო კონსულტაციებისთვის იმ პარტიებთან, რომელთანაც ადრე ჰქონდა უფრო მჭიდრო, საქმიანი ურთიერთობა,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.
საპარლამენტო ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებას არასერიოზულს უწოდებს. მათი პოზიცია უცვლელია. პარტიები პრეზიდენტის ვეტოს ყველა სადაო საკითხთან დაკავშირებით ელოდებიან.
„იმ ორ საკითხზე ეჭვი მეპარება, რომ შედგეს კონსენსუსი, იმიტომ, რომ ეს ძალიან არასერიოზული მოთხოვნებია და ზოგადად თუ კონსენსუსი შედგება ძალიან კარგი იქნება იმიტომ, რომ არ შეიძლება ქვეყანას ერთპარტიული კონსტიტუცია ჰქონდეს,“-აცხადებს „ენმ“-ს წევრი ნიკა რურუა.