20 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
ყველა დირექტორს და უფროსკლასელს აქვთ საშუალება მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში - ჯეჯელავა სადახლოში მომხდარ ფაქტს ეხმაურება

საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა,  სადახლოში, სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების საარჩევნო შეხვედრაში მონაწილეობის ფაქტს ეხმაურება.

საუბარია ფაქტზე, როდესაც "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. საარჩევნო კანონმდებლობის  დარღვევის მორიგი შემთხვევა სოფელ სადახლოში მოხდა, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენას ადგილობრივი მეორე სკოლის და მიმდებარე სოფლების სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ჯეჯელავა მომხდარი ფაქტის შესწავლაზე საუბრობს, თუმცა იქვე განმარტავს, რომ ყველა დირექტორს, მასწავლებელს და უფროს კლასელს აქვს პოლიტიკური პროცესებში ჩართვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება.

„ყველა ასეთი შემთხვევა, როდესაც არის ეჭვი პოლიტიკურ პროცესებში მოსწავლეების ჩართვის და სასკოლო რესურსის ჩართვის, არის ძალიან დეტალური მოკვლევის საგანი. რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო და ზოგ შემთხვევაში ადმინისტრაციული ჯარიმა გამოიწვია, ზოგ შემთხვევაში საყვედური, გაფრთხილება. ამ შემთხვევაშიც გავერკვევით, თუმცა ისიც ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ყველა პედაგოგს, ყველა დირექტორს და უფროსკლასელებს, აქვთ საშუალება თავის მოსაზრება გამოხატონ და მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში,“-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

დღის ამბები