GEM Fest-ის დაფინანსებას ეკონომიკის მინისტრი მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, GEM Fest-ის ორის ნაცვლად, ოთხი მილიონის დაფინანსების მიზეზი მენეჯმენტის ხარვეზი იყო.
„GEM Fest-ის დაფინანსებასთან დაკავშირებით ალბათ, როგორც წელს, ასევე იქნება მცდელობა, მაგრამ ჩემი პოზიცია იქნება, რომ ეს ღონისძიება არ დავაფინანსოთ. ეს იყო მენეჯმენტის ხარვეზები, როდესაც ჩვენ დავდექით იმ მდგომარეობაში, როდესაც დამატებითი ხარჯების გაწევა მოგვიწია,“ - განაცხადა გახარიამ.
მთავრობის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ჟურნალისტებმა დაახლოებით, 10-მდე მინისტრისგან კითხვებზე პასუხების გაცემა მოითხოვეს, თუმცა მედიასთან კომენტარი მხოლოდ ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. საქართველოს პრემიერმინისტრს ტრადიციული შესავალი სიტყვაც არ გაუკეთებია.