საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია დღეს დაამტკიცებს. დოკუმენტის მიღებამდე, კონსტიტუციის არსებულ რედაქციას პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძე წარადგენს. თუმცა, სამი მოსმენით მიღებული ცვლილებები, პარლამენტის დელეგაციამ კომისიის ხელმძღვანელობასთან უკვე განიხილა.
კომისიის პლენარულ სხდომას დაესწრება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანიც. ანა დოლიძე ევროპელ ექსპერტებს ცვლილებების 4 პუნქტიან ვერსიას გააცნობს. მისი განმარტებით, 3 საკითხი „ქართული ოცნების“ პოზიციას წარმოადგენს, მათ შორის, ანა დოლიძე ასახელებს პარტიის დაპირებას, პროპორციული სისტემის შემოღების შესახებაც.
მისივე განმარტებით, თუ კი უმრავლესობა ამ ცვლილებებით მაჟორიტარების ხმებს დაკარგავს, კონსტიტუციას მხარს ოპოზიციონერი დეპუტატები დაუჭერენ.
რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევნებს, ოპოზიციისა და გიორგი მარგველაშვილის ერთობლივი შეთავაზების თანახმად, ამ საკითხის გადაწყვეტა ორპალატიანი პარლამენტის პირობებში უნდა მოხდეს.