„დოკუმენტი არის აბსოლუტურად პოზიტიური,“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დასკვნას. კონსტიტუციის ახალ პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა დამტკიცებულია.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დასკვნა პოზიტიურია და თითქმის, სრულად შეესაბამება იმ დოკუმენტს, რომელიც პარლამენტმა წინასწარი შეფასების სახით, დამტკიცებამდე მიიღო.
„აღიარებულია ის ძალიან დიდი პროგრესი, რომელსაც მიაღწია საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების სახით. არაერთი განცხადება გაკეთდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მხრიდან, ასევე იმ ექსპერტების მხრიდან, რომლებიც წერდნენ დასკვნას საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით და მათ უაღრესად დადებითად შეაფასეს საკონსტიტუციო ცვლილებები. მათ აღნიშნეს, რომ ეს ცვლილებები უზრუნველყოფს საქართველოშიო დემოკრატიული განვითარების პროცესის შეუქცევად გაგრძელებას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დოკუმენტის მიღებამდე, კონსტიტუციის არსებული რედაქცია პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა ორშაბათს გასაჯაროვდება.