„ძალიან შთამბეჭდავია, როდესაც ცდილობ გახადო კონსტიტუცია ერთ-ერთი თანამედროვე და კარგი დოკუმენტი მსოფლიოში, რა თქმა უნდა, დაფუძნებული საქართველოს კულტურაზე,“ - ასე აფასებს ვენეციის კომისიის წევრი, ჯეფრი ჯოუენი საქართველოს კონსტიტუციის ახალ დოკუმენტს. ვენეციის კომისიამ კონსტიტუციის ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა დღეს დაამტიკიცა და ოფიციალურად ორშაბათს გასაჯაროვდება.
ჯეფრი ჯოუენი აღნიშნავს, რომ ახალი დოკუმენტიდან მასზე შთაბეჭდილება რამდენიმე მუხლმა, მათ შორის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ, მუხლებმა მოახდინეს.
„ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, რაც ჯერჯერობითაა გაკეთებული, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ მუხლების კუთხით. ეს ეხება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის და გარემოს დაცვის უფლებებსაც. ასევე მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული სამართლის უფლება, რომ ყველა საჯარო მოხელე შეიძლება პასუხისგებაში მიეცეს. ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლება, იყოს დამოუკიდებელი. ეს საკითხები თანამედროვე კონსტიტუციებში შესულია, მაგრამ არა ყველა კონსტიტუციაში. ასე რომ შთამბეჭდავია,“ - აცხადებს ჯეფრი ჯოუენი.
დოკუმენტის მიღებამდე, კონსტიტუციის არსებული რედაქცია პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ წარადგინა. ვენეციის კომისიის სხდომას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძეც ესწრებოდა.