20 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
საერთო ტელედებატები - ოპოზიციური პარტიების მერობის კანდიდატები მმრთველი გუნდის შეთავაზებას აკრიტიკებენ

არჩილ თალაკვაძის შეთავაზებას ოპოზიციური პარტიების მერობის კანდიდატები ეხმაურებიან. მმართველი გუნდი ყველა მედიასაშუალებას თბილისის მერობის კანდიდატების ტელედებატების საერთო ფორმატს სთავაზობს. განცხადება კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე მზად არის მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ასეთ დებატში.

მერობის კანდიდატები და მათი წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კახა კალაძე ამ გზით დებატებიდან გაქცევას ცდილობს. პოლიტიკოსების თქმით, მმართველი გუნდი ტელეკომპანიებს დებატების ფორმატს არ უნდა სთავაზობდეს.

მერობის კანდიდატებმა, ასევე, აღნიშნეს, რომ ნებისმიერ ფორმატში დებატებისთვის მზად არიან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„არ მგონია, რომ კანდიდატები უნდა კარნახობდნენ მედიასაშუალებებს რა ფორმატით და როგორ უნდა წარიმართოს დებატები. ეს სწორედ მედიის პრეროგატივაა,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მან რამდენჯერმე კახა კალაძეს პირდაპირი დებატები შესთავაზა, თუმცა მისი თქმით, კალაძე „გაურბის დებატებს."

„გაურბის კალაძე ამ დებატებს, „ქართული ოცნების“ შტაბიც გაურბის და ახლა მოიგონეს, რაღაც გაუგებრობა, რომ როგორღაც თავის უკან დახევა და შიში ახსნან და რაღაც აჯაფსანდალს სთავაზობენ მედიებს,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„დემოკრატიული მოძრაობა - "ერთიანი საქართველოს” და ”თავისუფალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კუკავა მიმართავს მმართველ გუნდს და აღნიშნავს, რომ დებატები ყველა არხზე უნდა შეხვდეს. ის დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„თუ დებატების გეშინიათ და შპარგალკების იმედზე ხართ, დაეტიეთ მაშინ, სადაც ახლა ხართ იმ თანამდებობებზე და დაანებეთ თავი ამ თბილისის მერობას,“ - აცხადებს კახა კუკავა.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი გაბაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ეს შემოთავაზება დებატებისგან გაქცევის მცდელობაა.

„კალაძეს კონკურენტულ გარემოში თბილისელებისთვის არაფერი სათქმელი არ აქვს. ამიტომ ეს განცხადება არის ირიბად თავის არიდება დებატებზე,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები