არასაპარლამენტო ოპოზიცია კონსტიტუციასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის მზად არის. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, პრინციპული საკითხია მაჟორიტარული სისტემის გაუქმება 2020 წლიდან. მათი თქმით, თუ ამას „ქართული ოცნება“ დათმობს, ისინი კონსესუსისთვის მზად იქნებიან.
„მთლიანად ოპოზიციამ ნაბიჯი კიდევ ერთხელ გადადგა კომპრომისისთვის, როდესაც დათანხმდა იმას, რომ „ქართული ოცნების“ ორი შემოთავაზება იყოს მიღებული, მაგრამ კომპრომისისთვის დამატებით ერთი ნაბიჯი „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადმოდგას,“- განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ.
ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ იმის გამოც აკრიტიკებს, რომ ვენეციის კომისიას პოლიტიკური შეფასებების გაკეთება მოუწიათ.
„ვენეციის კომისია პოლიტიკურ შეფასებებს არ აკეთებს ხოლმე, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ აიძულა, რომ ვენეციის კომისიას საბოლოო დასკვნაში პოლიტიკური შეფასება გაეკეთებინა და წუხილი გამოეხატა, რომ კონსესუსი ვერ იქნა მიღწეული,“- განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ.
ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების არაკომპეტენტურობაზეც საუბრობს.
„პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი კომენტარი ვნახოთ, რომელმაც 4-5 საკითხი ჩამოთვალა, რომელიც დამატებით ცვლილების სახით უნდა შევიდეს კონსტიტუციაში, რომელიც, დაახლოებით, ერთი კვირის მიღებულია და ჯერ ხელმოწერილიც კი არ არის და ძალაშიც კი არ შესულა. რამდენად არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე,“- განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ.