„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საკრებულოს სამ-წლიანი მუშაობის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ერთ ლარად გადაცემული მიწები, დამალული და არასრულად დეკლარირებული საკუთრება და საკრებულოს წევრების ბიზნეს-კავშირები მოხვდა.
ანგარიშში, ასევე მოხვდა „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონიანი ქონების გადაცემის საქმე. გახმაურებულ საქმეებზე კითხვები არ აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს.
ორგანიზაციის მრავალგვერდიან დასკვნაში ნათქვამია, რომ არაერთ გახმაურებულ საქმეზე არსებული კითხვები როგორც გამოძიების, ისე საკრებულოს მხრიდან უპასუხოდ დარჩა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დღეს დეპუტატების სიაც გაასაჯაროვა, რომლებსაც დეპუტატის საქმიანობასთან შეუთავსებელი ბიზნეს კავშირები აქვთ. საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10-ს ბიზნეს წილები აქვს, ხუთი კი ამას დეკლარაციაში არ უთითებს. სამი მათგანი კი რეესტრის მიხედვით, სხვადასხვა კომპანიაში, პარალელურად, დირექტორადაც მუშაობს.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ სათანადო გამოძიების შემთხვევაში სამართალდამცველები საკრებულოში ბევრ საქმეს იპოვიან, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება.
არასამთავრობოს მთავარი რეკომენდაციის, საკრებულოს საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება, უკვე ახალ მე-6 მოწვევის საკრებულოზე იქნება დამოკიდებული.