შედგება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატების ერთობლივი დებატები, ჯერ უცნობია.
დებატების ამ ფორმატით გამართვის ინიციატივით მერობის სახელისუფლებო კანდიდატი გამოვიდა, თუმცა დრო და ადგილი ტელეკომპანიებმა ერთმანეთში უნდა შეათანხმონ.
თუ მსგავსი შეთანხმება ვერ მოხერხდა, კახა კალაძე კონკრეტულ ტელევიზიებში მისვლის გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებს.
„შევთავაზეთ, რომ ყველა თუ მოახერხებთ, რომ ერთად დავჯდეთ, კარგი იქნება. ევროპაშიც მიღებული პრაქტიკაა და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება, რომ არავინ დაგვრჩეს ნაწყენი იმიტომ, რომ შეიძლება, ერთთან მიხვიდე, მეორესთან ვერა, მესამე ნაწყენი დაგრჩეს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, არჩილ თალაკვაძე, კი ამბობს, რომ კახა კალაძე დებატებზე ყველა ტელევიზიაში მივა, მათ შორის რუსთავი2-ში.
„ეს არის მედიის გადასაწყვეტი. თუ მედიასაშუალებებს შორის შეთანხმება ვერ მოხდება, ჩვენ დებატებში მონაწილეობას განვაგრძობთ ისე, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით. სადაც შევძლებთ, ყველგან, ყველა მედიაფორმატში მივიღებთ მონაწილეობას,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.