კომპანია თბილისი სითი თბილისის მერიას ბიძინა ივანიშვილისთვის გადასაცემი ტერიტორიების ერთ ლარად გადაცემის მოთხოვნით მიმართავს.
საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, 1900 კვ.მ. ფართობის ტერიტორიას პუშკინის ქუჩასა და 5000 კვ.მ. თაბორის მთაზე ზონის სტატუსი შეეცვალა.
კომპანია თბილისი სითის მიმართვა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, საკრებულოს უკვე გადაუგზავნა. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ საკრებულომ უნდა მიიღოს.
„საკრებულოში შევიდა და საკრებულოს თავმჯდომარე გააკეთებს ამაზე განცხადებას,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ერთ ლარად მიწის გადაცემის შემთხვევაში, საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩაიდება ქალაქში.
„ერთ ლარს როდესაც ვამბობთ, უნდა ვთქვათ პირველ რიგში, რომ მილიონიანი ინვესტიცია უნდა შემოვიდეს. ასე რომ, ქალაქის განვითარებას რაც სჭირდება, ჩვენ ყოველთვის ვიმსჯელებთ. კოლეგიალური ორგანოა საკრებულო და ქალაქის განსავითარებელ ყველა პროექტს დავუჭერთ მხარს,“ - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.