20 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
ივანიშვილისთვის პუშკინის სკვერთან მიწების გადაცემის საკითხი - ოპოზიცია მმართველ გუნდს და პრემიერს ტყუილში ადანაშაულებს

ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილისთვის პუშკინის სკვერთან მიწების გადაცემის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მერობის კანდიდატები მომხდარში მთავრობას ადანაშაულებენ. მათი თქმით, "ქართული ოცნება" იტყუება, რადგან თბილისის ცენტრში, პარკინგი არა საერთო სარგებლობისთვის, არამედ მხოლოდ ივანიშვილის სასტუმროსთვის გაკეთდება და მხოლოდ 30 მანქანაზე იქნება გათვლილი.

ოპოზიციის წარმომადგენლები "ქართულ ოცნებას" და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, მათი მიერ გაკეთებული განცხადებების გამო ტყუილში ადანაშაულებენ.

უმრავლესობის წევრები ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ერთ ლარად, პუშკინის სკვერის მიმდებარედ გადაცემულ მწის ფართობზე მუნიციპალური მიწისქვეშა პარკირება უნდა გაკეთებულიყო, რომელიც ყველასთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი. თუმცა, დოკუმენტების თანახმად,  ტერიტორია 30 მანქანისთვის არის გათვლილი და ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ის ბიძინა ივანიშვილის კომპანიის კუთვნილ სასტუმროს მოემსახურება.  

"დადასტურდა, რომ არანაირი საერთო სარგებლობის და მუნიციპალური პარკინგი არ კეთდება, კეთდება 30 მანქანაზე პარკინგი. დოკუმენტში წერია პირდაპირ, რომ ეს სადგომი იქნება 30 მანქანაზე. ეს ნიშნავს, რომ ცეკავშირის ადგილას, რასაც აშენებს სასტუმროს ბიძინა ივანიშვილი, იმ სასტუმროს პარკინგი,“ - აცხადებს ელისაშვილი.

ელისაშვილი მმართველი გუნდის ლიდერებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„თვალებში გვიყურებდნენ, დაგვცინოდნენ და გვატყუებდნენ "ქართული ოცნების" ლიდერები, კვირიკაშვილის თამადობით,“ - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

პოლიტიკური ერთობა ”ახალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძეც ბიძინა ივანიშვილისთვის ინტერესებზე საუბრობს.

„არავინ პატარა ბავშვი არ არის, რომ ეს უბრალოდ ხდება იმიტომ რომ მოუნდა ბიძინა ივანიშვილს, უნდა ერთ კონკრეტულ ადამიანს და კომპანიას და მათთვის კერძო პარკინგი კეთდება,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძის განმარტებით "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გადაწვეტილება საკრებულომ ვერ მიიღოს უახლოეს სხდომაზე.

„ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, ბიძინა ივანიშვილის გაუმაძღრობისა და თავგასულობისა. ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისელების ინტერესებს ის არაფრად აგდებს და მხოლოდ საკუთარი ბიზნეს ინტერესების გაფართოებით არის დაკავებული,"-აცხადებს ნადირაძე.

ტყუილში ადანაშაულებს პრემიერს  თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის” თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანიც. 

ავტორი: თაკო სურგულაძე. 

 

დღის ამბები