დავით ნარმანია ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის გადადგომის საფუძველს ვერ ხედავს. თბილისის მერი არ გამორიცხავს, რომ ბაღებში "ქართული ოცნების" კანდიდატის კახი კალაძის სასარგებლოდ შეგროვებული სიები არსებობდეს, თუმცა ამას კანონდარღვევად არ მიიჩნევს.
დავით ნარმანიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერიაში შიდა მოკვლევა მიმდინარეობს, თუმცა მისი თქმით, გადაცდომა ამ დრომდე არ გამოვლენილა.
„შესაძლოა სიებს ვინმე ადგენდეს, მაგრამ სიის შედგენა, რომელიც ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს ჩემის აზრით, არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ ხელმძღვანელის გადადგომაზე ვისაუბროთ ან უაპელაციოდ ვთქვათ, რომ ეს არის კანონის დარღვევა. ჩვენის მხრიდან შიგნით საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს, თუმცა რაიმე სახის არსებითი გადაცდომა ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.