საკრებულო კიდევ ერთი ხმაურიანი სხდომის მოლოდინშია, ხვალ დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, გადასცეს თუ არა ივანიშვილის კომპანიას თბილისის ცენტრში კიდევ 2 მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად. ოპოზიცია კვლავაც საკითხის გადადებას ითხოვს და პროცესის უკანონობაზე საუბრობს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მარინა დათუკიშვილი ამბობს, რომ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ყოფილ პრემიერს პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორია სხვა მიზნებისთვის სჭირდება.
„თაბორის მთა გადაეცემა მას 102 ათას ლარად, ანუ კმ. გამოდის 23 ლარი. ხოლო, რაც შეეხება პუშკინის სკვერს, ეს ტერიტორია, ათას 900 კვმ. გადაეცემა სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. ძალიან საინტერესოა, რომ პუშკინის სკვერის მიმდებარედ, სადაც მას საინვესტიციო ვალდებულება აქვს, რომ უნდა გააკეთოს პარკინგი 30 მანქანაზე და ამაში უნდა დახარჯოს მილიონი ლარი, ხელშეკრულების პირობებში წერია, რომ თუ დაარღვევს ამ პირობას და მანქანებისთვის საპარკინგე ტერიტორიას არ მოაწყობს, მას პირგასამტეხლო ეკისრება მხოლოდ 100 ლარი. ეს აპრიორი მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ტერიტორია სხვა მიზნებისთვის სჭირდება,“ - განაცხადა მარინა დათუკიშვილმა.