20 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
მიწის 2 ნაკვეთი სიმბოლურ ფასად - ოპოზიცია ხვალ საკრებულოს ხმაურიან სხდომას აანონსებს

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი ამბობს, რომ ფრაქცია „ეროვნული ფორუმი“ ხვალ, საკრებულოს სხდომას არ დაესწრება.

საქმე ეხება ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თბილისის ცენტრში მიწის 2 ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემას. საკითხთან დაკავშირებით ხვალ, საკრებულოს სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ოპოზიცია კვლავაც საკითხის გადადებას ითხოვს და პროცესის უკანონობაზე საუბრობს. უმცირესობის წარმომადგენლები, ხვალ საკრებულოს ხმაურიან სხდომას აანონსებენ.

„ოთხშაბათს, ბატონმა ნარმანიამ და თბილისის მთავრობამ, გადაწყვიტეს, რომ შარავანდედი დაედგათ და ამ შარავანდედის დადგმას, ალბათ, ხვალ საკრებულოს უმრავლესობაც აპირებს. ალბათ გამოუტანენ ხვალ განაჩენს თბილისელებს ამ მიწების გადაცემით, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ 21 ოქტომბერს, თბილისელებიც გამოუტანენ "ქართულ ოცნებას" განაჩენს თავისი გადაწყვეტილებით არჩევნებზე,“ - აცხადებს შორენა ბუხრაშვილი.

შეფასება ამავე საკითხთან დაკავშირებით გააკეთა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”რესპუბლიკელების” წევრმა დავით ზურაბიშვილმა. მისთვის გაუგებარია, არჩევნების წინ, რატომ სურს ბიძინა ივანიშვილს ხმაურის გამოწვევა, რომელიც ტერიტორიის გადაცემის საკითხს მოყვა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ამბობს, რომ ის საკითხები, რომელთაც საკრებულოს სხდომაზე გაიტანენ, ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელია.  

„ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა მძიმედ დგას თბილისში პარკირების პრობლემა და თავისთავად იგულისხმება, რომ ეს საჭირო პროექტია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ათას 900 კვმ. შემოდის მილიონიანი ინვესტიცია, რაც საკმაოდ სერიოზული თანხაა,“ - აღნიშნავს ალიბეგაშვილი.

დღის ამბები