პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას დღეს ხმაური მოჰყვა. დღეს დეპუტატებმა უსაფრთხოების სამსახურის გაზრდილი და თავდაცვისთვის შემცირებული ხარჯები გააპროტესტეს.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე ოპოზიცია დაინტერესდა, მოხდება თუ არა მომავალ წელს თავდაცვის სამინისტროსთვის შეიარაღების შესაძენად დამატებითი დაფინასების გამოყოფა. სალომე სამადაშვილის კითხვამ გია ვოლსკი გააბრაზა, რასაც კომიტეტის სხდომაზე ჩხუბი მოჰყვა.
ქვეყნის მთავარი ფინანსურ დოკუმენტში არაფერი წერია 2018 წელს პენსიის გაზრდაზე. გაუფასურებული ლარისა და გაძვირებული ფასების ფონზე პენსიონერები გაისად იგივე თანხას მიიღებენ.
ოპოზიცია ამბობს, რომ ამ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს, რადგან დოკუმენტში ხალხის ინტერესები გათვალისწინებული არ არის და მხოლოდ ჩინოვნიკების კომფორტზეა მორგებული.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 2018 წელს სახელმწიფოს ვალი დაახლოებით 2 მილიარდით იზრდება. ”ნაციონალურ მოძრაობაში” ვარაუდობენ, რომ ეს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და პროდუქტებზე ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდას გამოიწვევს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე კი ლარის გაუფასურების საფრთხეს ვერ ხედავს.
2017 წლის მსგავსად ყველაზე დიდი დაფინანსება მომავალ წელსაც კვლავ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ექნება.