თბილისის საკრებულოში დღეს ხმაურიანი სხდომისთვის ემზადებიან. დეპუტატებმა ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თბილისის ცენტრში მიწის 2 ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული. მანამდე კი, საკრებულოს წინ აქციის გამართვას გეგმავს "ნაციონალური მოძრაობა".
“არ მივცემთ საშუალებას საკრებულოს, რომ მიიღონ ეს მავნებლური და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. არ მივცემთ საშუალებას, რომ დღეს, ხვალ, ზეგ ჩვენს შვილებს მოუსპოს ბიძინა ივანიშვილის ახირებებმა სუნთქვის და არსებობის საშუალება ამ ქალაქში. ჩვენი აქცია დაიწყება 2 საათზე, დიახ საკრებულოს სხდომა ჩანიშნულია 4 საათზე და ყველანაირად ვეცდებით ხელი შევუშალოთ ამ დანაშაულებრივი გადაწყვეტილების მიღებას,“ - განაცხადა „ენმ“-ის წევრმა მარინა დათუკიშვილმა.
იმ შემთხვევაში თუ ყოფილ პრემიერს საკრებულომ დაუმტკიცა მიწის ნაკვეთები, "ევროპული საქართველო" სასამართლოში ჩივილს აპირებს და მსგავსი ქმედებისკენ სხვა პარტიებსაც მოუწოდებს.
„თბილისის საკრებულოს უმრავლესობა პრაქტიკულად ბოლო სხდომაზე ცდილობს, რომ კოჭი გაუგოროს ივანიშვილს. ყველანაირი საშუალებით ვეცდებით, რომ არ ვაჩუქოთ ახალი ტერიტორიები ბიძინა ივანიშვილს ქალაქის ცენტრში. თუ ოპოზიციური სპექტრის შეთანხმება იქნება, ეს უკანონო გადაწყვეტილებები აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს,“-აცხადებს საკრებულოს ფრაქცია „თბილისის“ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი.
„ქართულ ოცნებაში“ კი საკითხებს, რომლის განხილვაც დღეს იგეგმება, ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელად მიიჩნევენ.
„აღნიშნული პროექტები უკვე მიმდინარეობს და დიდი ნაწილი სამუშაოები უკვე განხორციელებულია და ბოლომდე იქნება განხორციელებული. ეს არის უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიცია ჩვენი ქალაქისთვის,“ - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე.