20 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
საკრებულოს დეპუტატები გამოგვაძევეს შენობიდან - ირაკლი ნადირაძე

„საკრებულოს დეპუტატები გამოგვაძევეს შენობიდან,“ - ეს განცხადება საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირაკლი  ნადირაძემ, საკრებულოს სხდომიდან მისი გამოძევების შემდეგ გააკეთა.

ოპოზიცია ყოფილი პრემიერისთვის სიმბოლურ ფასად თბილისში მიწის ნაკვეთების გადაცემას აპროტესტებს.

ნადირაძის თქმით, საკრებულოს უმრავლესობა ცდილობს ყველანაირად, რომ ბიძინა ივანიშვილს ერთ ლარად თბილისელების ქონება დაუკანონონ.

„ჩვენ გვინდოდა საკრებულოს თავმჯდომარესთან მისვლა და დალაპარაკება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და არ მოგვეცა მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ, მოყვანილი ზონდერების მიერ, საკრებულოს თავმჯდომარესთან მისვლა და საკრებულოს დეპუტატები გამოგვაძევეს შენობიდან,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ირაკლი ნადირაძე საკრებულოს შენობის გარეთ შეკრებილ ადამიანებს შეუერთდა. ის ამ წუთებშიც ცდილობს, რომ შევიდეს საკრებულოს შენობაში, თუმცა მას ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ.

„საკრებულოს შუა სხდომიდან გამომაგდეს სხვათაშორის,“ - აღნიშნა ნადირაძემ.

დღის ამბები