03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
აზერბაიჯანში, ავარიის შედეგად, 10 წლის საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

აზერბაიჯანში ავტოავარიის შედეგად დაღუპული სამი მგზავრიდან ერთი, 10 წლის ბავშვი საქართველოს მოქალაქეა. ავტობუსი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა და დაიწვა, კერძო პირს - ვასიპ ოსმანოვს ეკუთვნოდა.

მძღოლს ხელშეკრულება სადახლოზე კომპანია „ინასთან“ ჰქონდა გაფორმებული და რეგულარულ რეისებით სადახლო-ბაქოს მიმართულებით დადიოდა.

საქართველოს ტერიტორია ოსმანოვმა მგზავრებთან ერთად 3 დღის წინ დატოვა და ის დღეს უნდა დაბრუნებულიყო.

„ინაში“ ავარიის ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ შესაძლოა, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. დამატებით ინფორმაციას აზერბაიჯანში მომხდარ ტრაგედიაზე კომპანიაში არ ფლობენ.

აზერბაიჯანის ტერიტორიის დასატოვებლად საკონსულომ საქართველოს მოქალაქეებისთვის დროებითი სამგზავრო საბუთების გაცემა უკვე უზრუნველყო.

ავტოსაგზაო შემთხვევა აზერბაიჯანში, ბაქოდან 370 კილომეტრის დაშორებით, გეგკელის რაიონში გვიან ღამით მოხდა. ავარიის შედეგად გარდაცვლილი 2 ადამიანი აზერბაიჯანის მოქალაქეა. დილიდან რუსულ წყაროებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სამივე გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე იყო.  

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 20-მდე ადამიანი დაშავდა. ავტობუსში, რომელიც სატვირთო ავტომობილს დაეჯახა, სულ 40-მდე მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში დილის 4 საათისთვის გადაიყვანეს. მათგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია. მათ შორის არის ავტობუსის მძღოლიც. საავადმყოფოში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეებიც, რომელთა მდომარეობა სტაბილურია.

დაშავებული მგზავრები აცხადებენ, რომ სატვირთო მანქანა და ავტობუსი ერთი მიმართულებით მოძრაობდნენ და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე იმყოფება აზერბაიჯანში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელი, რომელიც დაშავებული ქართველების საბუთების მოწესრიგებაზე მუშაობს, რათა დროულად მოხერხდეს მათი გადმოყვანა.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები